12-01-22

Mazda-მ, თავისი არსებობის მანძილზე, პირველი ელექტრომობილი, MX-30 შექმნა. MX-30 საკმაოდ კომპაქტური SUV-ია, რომელსაც საკმაოდ მსუბუქი და ეკოლოგიური ელემენტი აქვს.


ავტომობილების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ MX ინიციალების კომბინაცია, „მაზდას“ განსაკუთრებულ მოდელს ნიშნავს. ელექტრომობილის შექმნისას, ვიზუალური  და ტექნიკური სრულყოფილების გარდა, იაპონელთა პრიორიტეტი ეკოლოგიაზე მაქსიმალური ზრუნვა გახლდათ. მაშინ, როცა მსოფლიოს ავტომწარმოებლები ერთმანეთს ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე ებრძვიან, Mazda-მ გამიზნულად შექმნა ელექტრომობილი, რომლის ელემენტიც მხოლოდ  300კგ-ს იწონის, ხოლო ერთი დამუხტვით მას დაახლოებით 250 კმ-ს გავლა შეუძლია. ეს შესაძლოა, ბევრი არ არის, თუმცა MX-30-ის ელემენტის წარმოებაც და უტილიზაციაც ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ავტომწარმოებლების მიერ შექმნილი ელემენტები.


ინოვაციურია ელექტრომობილის ინტერიერიც, რომლის კარების შიდა შეფუთვა და ცენტრალური კონსოლი, პლასტმასას ბოთლებისა და ღვინის ბოთლის სახურავების გადამუშავებული მასალით არის შექმნილი. ზოგადად, MX-30-ის ინტერიერში საკმაოდ დიდი დოზით არის გამოყენებული ვეგანური მასალა. ამგვარი მეთოდით, Mazda-მ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ეკოლოგიაზე ზრუნვის მიმართულებით.

კრეატიული გადაწყვეტილებაა კარის გაღების კონცეფციაც – ელექტრომობილს არ გააჩნია B საყრდენი და კარებიც ერთმანეთის საპირისპიროდ იღება.


MX-30-ის ნებისმიერ ვერსიაში შეხვდებით ორ, 7 და 8,8-დუიმიან ეკრანს, ცენტრალურ კონსოლზე. მას, ასევე. გააჩნია სწრაფი გასართობ-საინფორმაციო სისტემა Mazda Connect, რომელიც „სმარტფონებს“, Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მეშვეობით უკავშირდება. აქვს Head up ეკრანიც, რომლის მეშვეობითაც საქარე მინაზე გამოდის მძღოლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.


ავტომობილს 145 ცხენის ძალა და 271-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს, რაც ქალაქისთვის საკმაოდ დიდი სიმძლავრეა. MX-30 ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 9,7 წამში ჩქარდება.

50-კილოვატიანი სწრაფი დამტენით მისი დატენა 30 წუთშია შესაძლებელი, ხოლო სახლის ჩვეულებრივ „როზეტში“, მის დატენას 12 საათი სჭირდება.